English / ქართული / русский /
ელგუჯა კონჯარია
გადასახადის არსი, მისი წარმოშობა და განვითარება

ანოტაცია 

სახელმწიფოს არსებობის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი, მისი ფუნქციონირების ეკონომიკური საფუძველი არის გადასახადები. გადასახადების მეშვეობით სახელმწიფო თავს უყრის მატერიალურ და ფინანსურ სახსრებს და მიმართავს მას სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელ მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად.
გადასახადი არის გამოსაღები, რომელსაც სახელმწიფო იღებს მეურნე სუბიექტებისა და მოქალაქეებისაგან. გადასახადი წარმოადგენს ეკონომიკური კავშირების აუცილებელ რგოლს საზოგადოებაში სახელმწიფოს ჩამოყალიბების დროიდან, რომლის განვითარებას თან სდევს საგადასახადო ურთიერთობების (სისტემების) გარდაქმნა, სრულყოფა.

საკვანძო სიტყვები: გადასახადები, ხარკი, მოსაკრებელი, ეკლესია, კოლხური თეთრი.

შესავალი

საგადასახადო დაბეგვრის პრობლემები მუდმივად იპყრობდა ფილოსოფოსთა, ეკონომისტთა, სახელმწიფო მოღვაწეთა ყურადღებას, ვინაიდან გადასახადებში კონცენტრირდება საზოგადოების ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ინტერესები, მიუხედავად სახელმწიფოებრივი მოწყობის ფორმისა და მმართველობის სისტემისა. მაგალითად, თ.აქვინელი აღნიშნავდა, რომ გადასახადი არის ძარცვის ნებადართული ფორმა. მონტესკიე ამბობდა, რომ არაფერი არ საჭიროებს იმდენ სიბრძნესა და ჭკუას, რაც განსაზღვრა იმ წილისა, რომელსაც ქვეშევრდომებს ართმევენ და იმისა, რასაც მას უტოვებენ.
თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში ეკონომიკურ ურთიერთობათა რეგულირების ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტს წარმოადგენს გადასახადები-საგადასახადო პოლიტიკა. გადასახადები სახელმწიფოებრიობის წარმოშობისთანავე გახდა ეკონომიკურ ურთიერთობათა აუცილებელი და ორგანული შემადგენელი ნაწილი.
გადასახადებით დაბეგვრის აუცილებლობა და ეფექტიანი საგადასახადო სისტემის არსებობა დაკავშირებულია სახელმწიფოს ფუნქციონირებასა და მის მიერ მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებასთან.
სახელმწიფო ხელისუფლებას საკუთარი თავის შესანახად ყველა დროში სჭირდებოდა სახსრები. შესაბამისად, საგადასახადო სისტემებმა განვითარების ათასწლოვანი გზა გამოიარა _ ნატურალური გადასახადებიდან ფეოდალურ და ადგილობრივ გადასახადამდე. იყო პერიოდები, როდესაც უძველესი სახელმწიფოები ომების წარმოების გზით ძარცვავდნენ სხვა სახელმწიფოებს, მაგრამ, დროთა განმავლობაში, ცივილიზაციის განვითარების კვალდაკვალ, სახელმწიფოებმა ისწავლეს თავის დაცვა მტრულად განწყობილი ახლო თუ შორეული მეზობლებისგან. ამისთვის კი საჭირო იყო რეგულარული არმიის შექმნა, მეომრის შეიარაღება და შენახვა და სწორედ ამ მიზნებისთვის ე.წ. მისაგებლის სახით მოსახლეობისგან სხვადასხვა ფორმით აიკრიბებოდა გადასახადი.
ბევრ ქვეყანაში კი, სადაც ეკლესია თამაშობდა დიდ როლს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, აიკრიბებოდა სავალდებულო საეკლესიო გადასახადები. შემდგომი სახელმწიფოების წინაშე მდგარ საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეკონომიკურ-სოციალური ფუნქციების შესასრულებლად გადასახადებმა მიიღო მკაცრი სავალდებულო ხასიათი და მათ საფუძვლად დაედო საზოგადოების მიერ არჩეული საკანონმდებლო ორგანოების გადაწყვეტილებანი.
სახელმწიფოს წარმოშობისა და განვითარების სხვადასხვა ეტაპზე საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით მოქმედებდა განსხვავებული მექანიზმები.
საინტერესოა გადასახადების წარმოშობისა და განვითარების ისტორია რუსეთში. გადასახადების პირველი ფორმები აქ ჩნდება მე-9 საუკუნის ბოლოს. სამთავროთა ხაზინის ძირითადი შემოსავლის წყაროს თავდაპირველად შეადგენდა ხარკი, რომელსაც საწყის ეტაპზე ჰქონდა არალეგალური ხასიათი. რუსეთის საგადასახადო სისტემა შედარებით მოწესრიგდა ივანე მრისხანეს (1530 -1584) მეფობის დროს. ამ პერიოდში შემოღებულ იქნა გადასახადი არმიის შენახვაზე, საბაჟო მოსაკრებელი, გადასახადი ლუდზე და ა.შ.
საგადასახადო სისტემის გაუმჯობესების კუთხით რუსეთში მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა იმპერატორმა პეტრე პირველმა (1672-1725). ამ პერიოდში შემოღებულ იქნა გადასახადები საკვები პროდუქტების გაყიდვიდან, გადასახადი სახლის გაქირავებიდან და სხვა.
შუა საუკუნეებში და შემდგომ პერიოდში საგადასახადო სისტემა თანდათან იწყებს განვითარებას. ინგლისში, დანიაში, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში იქნა შემოღებული ახალი გადასახადები: აქციზი, საბაჟო მისაგებელი, საგანგებო გადასახადები, კომუნალური და ადგილობრივი გადასახადები, სავაჭრო გადასახადი და სხვა. ამასთანავე, განისაზღვრა გადასახადების ადმინისტრირების სამართლებრივი რეგულაციები.
მსგავსად მსოფლიოს სხვა ქვეყნებისა, საქართველოშიც დაბეგვრას საფუძველი ჩაეყარა სახელმწიფოს წარმოშობისთანავე. ისტორიას ცოტა რამ შემორჩა უძველეს საქართველოში არსებული გადასახადებისა და დაბეგვრის შესახებ. შედარებით მეტი ინფორმაციაა შემონახული შუა საუკუნეების, ფეოდალური და შემდგომი პერიოდის გადასახადების შესახებ. მსოფლიო ეკონომიკური აზრის განვითარების პარალელურად „ქართული“ ეკონომიკური აზროვნების ჩამოყალიბება დაიწყო ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში.
ნათელი დადასტურებაა, რომ ძვ. წელთაღრიცხვით VI–III საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდა სახელმწიფო, რომელშიც გამოიყენებოდა ფულადი ნიშნები - ე.წ. „კოლხური თეთრი“. ეს იყო იმ პერიოდის ევოლუციური მოვლენა და ბარტერული გაცვლიდან ფულად-სასაქონლო ურთიერობებზე გადასვლა.
აღსანიშნავია ცნობილი მეფეების _ ფარნავაზის, ვახტანგ გორგასლის, გიორგი ბრწყინვალეს მიერ წარმოებული ეკონომიკური პოლიტიკით სახელმწიფოს მართვის მეთოდები და ტექნიკა. ფარნავაზმა ქართლი დაყო სხვადასხვა სამთავროებად, რომლებსაც ევალებოდათ ჯარის შეკრება, ხარკის აკრება და სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული საკითხების გადაწყვეტა.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია დავით აღმაშენებლის ეპოქა, რომლის განხორციელებული ქვეყნის ეკონომიკური სისტემის ფართომასშტაბიანი რეფორმების შედეგი მისი შთამომავალი მეფეების რამდენიმე თაობას გაჰყვა.
დავით აღმაშენებელი დიდად უწყობდა ხელს ვაჭრობისა და ხელოსნობის განვითარებას. მან შეღავათიანი პირობები შეუქმნა ვაჭრებს, ააგო ხიდები, გზები, ააშენა ფუნდუკები, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ვაჭრებს უფასოდ შეეძლოთ ღამის გათევა.
XII საუკუნეში განხორციელებული ფინანსური რეფორმების შედეგად შეიცვალა ფულის ნიშანი და მიმოქცევაში დამკვიდრდა ეროვნული ვალუტა. საფუძველი ჩაეყარა მტკიცე საფინანსო-საკრედიტო სისტემის და იმდროინდელი მთავარი ინსტიტუტის „საჭურჭლეს“ (ხაზინა) ჩამოყალიბებას. იმ პერიოდის საქართველოში უკვე არსებობდა სპეციალური საკრედიტო დაწესებულება _ დღევანდელი გაგებით ბანკები, რომელსაც ორტაღი ეწოდებოდა და ის იძლეოდა სესხს სხვადასხვა გირაოს ქვეშ ან მის გარეშე. აღნიშნული პერიოდის საქართველოს ძლიერების ერთ-ერთი მძლავრი ფაქტორი ეფექტიანი პოლიტიკა იყო.
საქართველოში გადასახადებით დაბეგვრის საკითხებზე პირველი სამართლებრივი დოკუმენტი და მნიშვნელოვანი ისტორიული წყარო, რომელშიც მოცემულია საგადასახადო დაბეგვრის საკითხები, არის მანდატურთუხუცეს ბექასა და მისი შვილიშვილის აღბუღა ათაბაგ ამირსპასალარის „წიგნი სამართლისა“. აღნიშნულ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ქვეყნის ეკონომიკის წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, ამიტომ მიწის მესაკუთრეების, თავადების ინტერესთა დაცვა ქვეყნის აღორძინების საფუძველია, ხოლო მიწის მოსარგებლე პირი ვალდებული იყო მებატონისთვის გადაეხადა მიწის რენტა.
გიორგი V (1286 – 1346) ბრწყინვალემ განახორციელა მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეფორმები, ამ კუთხით კი აღსანიშნავია ფინანსური რეფორმა _ ფულის მოჭრა და საგარეო სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება.
აღსანიშნავია საქართველოში გადასახადების განვითარების რეფორმები ვახტანგ VI (1675- 1737) მიერ. მან ფართო ბრძოლა გააჩაღა ქვეყნის კულტურული და სამეურნეო-ეკონომიკური განვითარებისთვის. მნიშვნელოვანი იყო სარწყავი არხებისა და სავაჭრო სამიმოსვლო გზების მშენებლობა, სამეფო მეურნეობის განვითარება, სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის მოხელეთა უფლებებისა და ფუნქციების განსაზღვრა და სხვა. მის სახელთანაა დაკავშირებული პროგრესულ განათლებულ მეცნიერთა დასის - სწავლულ კაცთა კომისიის დიდი კულტურული საქმიანობა და 1707 – 1709 წწ. დაწერილი სამართლის წიგნი (კანონთა კრებული), რომელიც ითვლება „ბატონყმური რიგის“ მოწესრიგების მნიშვნელოვან ღონისძიებად. იგი წარმოადგენდა სახელმძღვანელო დოკუმენტს და მიზნად ისახავდა ფეოდალთა ძალადობის შეზღუდვას და მწარმოებელთა მინიმალური უფლებების დაცვას. წიგნში სისტემურადაა ასახული სხვადასხვა დროის გარიგებები, რომელიც არეგულირებდა ფეოდალურ ურთიერთობათა სამეურნეო იერარქიას, განსაზღვრავდა დაბეგვრის პროცესს და იცავდა კერძო საკუთრების ინსტიტუტს.
ვახტანგ VI კანონებში მიუთითებდა, რომ ყმა გლეხი ფეოდალის საკუთრებაა, რომელსაც ევალება ბატონის სასარგებლოდ საგადასახადო ვალდებულებების შესრულება. მის მიერ შედგენილი „დასტურლამალი“ იძლევა გადასახადების განაკვეთებს, რომელთა უმრავლესობა, სასაქონლო-ფულადი ურთიერთობების დაბალი დონის გამო, ნატურალური ფორმით იყო წარმოდგენილი. მან დაამკვიდრა საქართველოში გამართული საფინანსო-საგადასახადო სისტემა და უზრუნველყო შესაბამისი სამართლებრივი ბაზით _ ფინანსური სამართლით.
საქართველოში გადასახადის და ფულად-სასაქონლო მეურნეობის განვითარების კვალდაკვალ მრავალფეროვანი ხდებოდა გადასახადების სახეები, ამასთან ფართოვდებოდა გადასახადებით დასაბეგრი ბაზის მონაცემებიც. მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში მოქმედებდა შემდეგი სახის გადასახადები: სურსათის, კოდის პურის, მახტა, ფულადის, მახტა პურეულით, მალი, ღალა, საბალახე, ყალანი, კულუხი, საკომლო, სააღდგომო, საშობაო, სამასპინძლო, საქვრივე, ნაბადი და სხვა.
ამრიგად, მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის საქართველოში გადასახადის ნატურალური ფორმა თანდათანობით იცვლებოდა ფულადი ფორმით. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დამოუკიდებლობის მოკლე პერიოდში საქართველომ, სამწუხაროდ, ვერ შეძლო საკუთარი საგადასახადო სისტემის ჩამოყალიბება.
გასაბჭოების შემდეგ კი საგადასახადო სისტემა დაეფუძნა საბჭოთა კავშირში არსებულ გადასახადებს. ამ დროისთვის შემოსავლების მნიშვნელოვანი წილი მოდიოდა ისეთ გადასახადებზე, როგორიცაა ბრუნვიდან და მოგებიდან გადასახადები.
მე-20 საუკუნის მიწურულს საქართველომ ხელმეორედ მოიპოვა დამოუკიდებლობა და ქვეყნის ეკონომიკა დაადგა კერძო საკუთრებაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს. ჩვენს ქვეყანაში საგადასახადო სისტემა ძირითადად 1991- 1992 წლების მიჯნაზე ჩამოყალიბდა ქვეყანაში მიმდინარე კარდინალური ეკონომიკური განვითარების პერიოდში, რის გამოც საგადასახადო სისტემაში საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით მთელი რიგი ნაკლოვანებები გამოიკვეთა, მათ შორის:
- საგადასახადო კანონმდებლობის გაუმართაობა და მისი შეუსაბამობა სოციალურ- ეკონომიკურ მდგომარეობასთან.
- საგადასახადო სისტემის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორების საგადასახადო კანონმდებლობის გაუმართაობა. გადასახადების გადამხდელების მხრიდან გადასახადის გადახდისგან თავის არიდება.
- ეკონომიკის კრიმინალიზაციის მაღალი დონე, კორუფციისა და მექრთამეობის მასშტაბების ზრდა, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობდა გადასახადებისგან თავის არიდებას და ჩრდილოვანი ეკონომიკის ზრდას.
როგორც ვხედავთ, წარმოშობიდან დღემდე, გადასახადებმა, როგორც ეკონომიკურმა კატეგორიამ, განიცადა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, იცვლებოდა როგორც გადასახადის სახეები, ასევე დასაბეგრი ობიექტი და გადასახადის დაქვემდებარებულ ვალდებულ პირთა წრე.
გადასახადების განვითარების კვალდაკვალ, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ფუნქციების რეალიზებისთვის გადასახადები დაიყო სხვადასხვა ნიშნის მიხედვით, ესენია: გადასახადის სუბიექტი, გადახდის ობიექტის შემოღების წესი, ამოღების წესი და დაბეგვრის მეთოდი. გადასახადის სუბიექტის მიხედვით გადასახადები იყოფა ფიზიკური პირის და იურიდიული პირის გადასახადებად.
გადასახადების დაყოფას საფუძვლად დაედო გადასახადების დაკისრების კრიტერიუმები. არაპირდაპირი გადასახადის ტვირთი აწვება მყიდველს, მომხმარებელს, ხოლო გადასახადის სუბიექტს წარმოადგენს მწარმოებელ-გამყიდველი, ვინაიდან ის იღებს არაპირდაპირ გადასახადს და მას გადაურიცხავს სახელმწიფოს. აღსანიშნავია გადასახადების კლასიფიკაცია დაბეგვრის მეთოდის მიხედვით, რა დროსაც გამოიყოფა:
• პროპორციული _ ასეთ შემთხვევაში ყველა გადასახადის გადამხდელი იხდის გადასახადს თანაბარი განაკვეთით. საგადასახადო დასაბეგრი ბაზის ზრდის შემთხვევაში გადასახადის განაკვეთი რჩება უცვლელი, ხოლო გადასახადი იზრდება პროპორციულად. პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ვალდებულია სახელმწიფოს გადაუხადოს თავისი შემოსავლებიდან თანაბარი წილი. მაგალითად, საშემოსავლო გადასახადი საქართველოში -20%.
• პროგრესული _ ასეთ შემთხვევაში საგადასახადო ბაზის ზრდის პარალელურად იზრდება საგადასახადო განაკვეთი. აღნიშნული დაბეგვრის პრინციპი მდგომარეობს შეფარდებით პროპორციულ საგადასახადო ტვირთში, რათა შემცირდეს უთანასწორობა. ანუ, მაღალი შემოსავლის მქონე გადამხდელი უნდა დაიბეგროს შედარებით უფრო მეტად, ვიდრე დაბალი შემოსავლის მქონე გადამხდელი, მაგალითად, საქართველოში ფიზიკური პირების მიერ ქონების გადასახადის ვალდებულების განსაზღვრისას (გარდა მიწისა).
• რეგრესული _ აღნიშნული მეთოდი წარმოადგენს პროგრესული მეთოდის საპირისპიროს, რა დროსაც საგადასახადო ბაზის ზრდასთან ერთად მცირდება გადასახადის განაკვეთის.
• ფიქსირებული _ აღნიშნულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელთა საქმიანობის სახეების მიხედვით დგინდება ფიქსირებული თანხა.
დასკვნა. ამრიგად, სხვადასხვა ქვეყნებში გადასახადების წარმოებისა და განვითარების რეტროსპექტული ანალიზიდან გამომდინარე, შეიძლება გამოიკვეთოს სამი ძირითადი ეტაპი:
• პირველი ეტაპი მოიცავს უძველესი დროიდან შუა საუკუნეების დასაწყისამდე პერიოდს, როდესაც სახელმწიფოს ჩამოყალიბების კვალდაკვალ მიმდინარეობდა „საგადასახადო სისტემის“ ფორმირება, მაგრამ იგი ქაოსურ ხასიათს ატარებდა.
• მეორე ეტაპი მოიცავს პერიოდს მე-16 საუკუნის დასასრულიდან მე-19 საუკუნის დასაწყისამდე, როდესაც მთელ რიგ ქვეყნებში შეიქმნა საგადასახადო-საფინანსო დაწესებულებების ქსელი და სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო საგადასახადო ადმინისტრაციული და მეთოდური საკითხების გადაწყვეტა.
• გადასახადების განვითარების მესამე ეტაპზე სახელმწიფო საკუთარ ხელში იღებს გადასახადების დადგენისა და აკრეფის ყველა ფუნქციას, ადგენს საკანონმდებლო-სამართლებრივ ბაზას, განსაზღვრავს ქვეყნის ფულად-საკრედიტო და საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკას, ასევე უზრუნველყოფს მისი შესრულებისთვის აუცილებელი კონტროლის მექანიზმის შემუშავებასა და დანერგვას.
გადასახადების წარმოშობისა და განვითარების ანალიზიდან ირკვევა, რომ გადასახადები წარმოადგენს სახელმწიფო შემოსავლების გვიანდელ ფორმას, რომელიც ყალიბდებოდა სახელმწიფოს მოწყობის პარალელურად. მას შემდეგ, რაც გადასახადებმა თავი დაიმკვიდრა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და სახელმწიფო შემოსავლების მთავარი წყარო გახდა, შეიქმნა თეორიები, რომლებიც ემსახურება გადასახადების ბუნების და მათი როლის განსაზღვრას სახელმწიფოში.

გამოყენებულილიტერატურა

  1. მესხია ი., ნიკოლაიშვილი ო., გადასახადები და დაბეგვრა. თბ., „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი“, 2002.
  2. ბახტაძე ლ., კაკულია რ., ჩიკვილაძე მ., საგადასახადო საქმე. თბ., „ვერჟე“, 2002.
  3. ცაავა გ. საჯარო ფინანსები. თბ., „დანი“. 2013.
  4. ყამარაული ს., ჩიკოლაშვილი მ., ყამარაული ლ.,  გადასახადები და დაბეგვრა, თბ., „მერიდიანი“, 2010.
  5. სვანაძე ს., გადასახადების ისტორია, ქუთაისი: აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, 2000.